logo
ENG



კულება: აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ჯგუფი 30 ქვეყანას მოიცავს

07 მარ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/cat14ajawbp5h54.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ჯგუფი უკვე 30 ქვეყანას მოიცავს.

"მოხარული ვარ, ვთქვა, რომ უკვე 30 ქვეყანაა. ამ ჯგუფს დღეს საბერძნეთი შეუერთდა. შაბათ-კვირას 29 ქვეყანა იყო. მე მაშინ ვთქვი, რომ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე კიდევ უფრო მეტი მონაწილე იქნება და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს [პროცესი] დაიწყო. ჯგუფის ამოცანა მარტივია - როცა უერთდები, თანახმა ხარ, რომ შეიქმნას ცალკე, სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც აგრესიის დანაშაულისთვის რუსეთის ფედერაციას დევნის. მთელი G7 ამ ჯგუფშია", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქვეყნების პირველი შეხვედრა 26 იანვარს შედგა, როდესაც დისკუსიაში 21 ქვეყანა მონაწილეობდა. კოალიციის მეორე შეხვედრა 21-22 მარტს, სტრასბურგში გაიმართება.

გასული წლის 2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო. უკრაინაში რუსული ომის დანაშაულების მტკიცებულებების შესაგროვებლად ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რამდენიმე ევროპულ სასამართლო ორგანოს მოიცავს.


close დახურვა