logo
ENG



კუხიანიძე: თანამდებობას დავტოვებ, თუ წავლენ ისინი, ვინც გმირ გოგაშვილს ლანძღავენ

16 დეკ 201912:54
3 წუთის საკითხავი
 
sp3mmwkx68c7ipk.jpg

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, რომლის Facebook-პოსტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, "ფორმულასტან" სატელეფონო საუბარში მის წინააღდემგ გამართულ აქციას ეხმაურება. 

როგორც კუხიანიძე ამბობს, ის საკუთარ პოსტს არ ნანობს. მისივე თქმით, ის მზად არის თანამდებობა დატოვოს, იმ შემთხვევაში, თუ პოსტს დატოვებენ ის ადამიანებიც, რომლებმაც შეურაცხყოფა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს მიაყენეს. 

"მივიღე ეს დარტყმა, ეს სიბინძურე. მივიღე ფანტაზიის და სადიზმის ნარევი, როგორ უნდა მოკვდეს ჩემი ოჯახი, ჩემი ცოლი, შვილები, დედა, ჩემი წინაპრების საფლავები როგორ უნდა წაიბილწოს. ეს მთელი ნაზავი მივიღე ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელსაც მე ფსიქიურად ავადმყოფო ვუწოდე. მე რაც დავწერე, მერეც აღვნიშნე, რომ ეს იყო რეაგირება სრულად უსამართლო გამოხტომაზე, ოჯახის მხრიდან მთავრობის წინააღმდეგ და ძალიან ცუდი. იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" ასეთი დარტყმების ქვეშ არის, და პირდაპირ ვიტყვი, როდესაც ასეთი დასუსტებულია, ამ ზღვარგადასული აგრესიით და მიუღებელი ფორმებით, კიდევ ეს მოხდა. მე დავწერე, რომ მან იცოდა სად მიდიოდა. მე არ მითქვას, რომ ის პროვოკატორია მაინც და მაინც. ვთქვი, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისთვის და შენ როდესაც დაიწყებ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, მაგას მოვაყოლე მერე ის, რაც მოვაყოლე. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ქვეყანას არ შეუძლია ამის გაკეთება. არასდროს მითხოვია თანამდებობაზე დანიშვნა. აქეთ მქონია ყოველთვის შემოთავაზებები. არ არის პრობლემა დავტოვო პოსტი, მაგრამ მაშინ დატოვონ თანამდებობები იმ ხალხმაც, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს თანამედროვეობის ისეთ გმირს, როგორიც არის სოსო გოგაშვილი", - განაცხადა კუხიანიძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საკრებულოს დეპუტატის გადადგომაა. 

რაც შეეხება კუხიანიძის მორიგ პოსტს, ის საკუთარ Facebook-გვერდზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას 15 დეკემბერს გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. მის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა.

 


close დახურვა