logo
ENG



ლავროვი: რუსეთი უკრაინას რუსული ენის აკრძალვის შესახებ კანონების გაუქმებას მოსთხოვს

23 მარ 202213:45
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინისგან რუსული ენის აკრძალვის შესახებ კანონების გაუქმებას მოსთხოვს. ლავროვმა ამის შესახებ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დრევანდელი შეხვედრისას ისაუბრა.

ლავროვის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტობის პირობებში, უკრაინამ კანონმდებლობის გამოყენებით რუსულ ენასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობა საბოლოოდ გააუქმა.

„ჩვენ ახლა ამის [კანონების] გაუქმებას მოვითხოვთ“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის ინფორმაციით, გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტთან დიალოგში ისაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისადმი რუსეთის მოთხოვნებზე.

2014 წელს უკრაინის ვერხოვნა რადამ რუსულ ენას რეგიონული სტატუსი გაუუქმა. 2019 წელს კი უკრაინული სახელმწიფო ენად გამოცხადდა.

2019 წლის 25 აპრილს ვერხოვნა რადამ უკრაინული ენის დასაცავად კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინულის გამოყენება მედიაში, განათლებასა და ბიზნესში სავალდებულო გახდა. ახალი კანონმდებლობის მიზანი ქვეყანაში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი რუსულად საუბრობს, უკრაინული ენის როლის გამყარება იყო.

უკრაინის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და დენაციფიკაციასთან ერთად, პუტინმა განაცხადა, რომ ითხოვს რუსული ენის დაცვას უკრაინაში.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

ლავროვმა განაცხადა, რომ კიევთან მოლაპარაკებები რთულია, რადგან, მისი თქმით, უკრაინული მხარე ხშირად იცვლის პოზიციებს და უარს ამბობს საკუთარ შემოთავაზებებზე.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ თუ NATO უკრაინაში სამშვიდობო მისიას გაგზავნის ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის პირდაპირი დაპირისპირება იქნება.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლეთის, როგორც შუამავლის როლის წინააღმდეგი არაა, თუმცა აცხადებს, რომ "მოსკოვს მკაფიო წითელი ხაზები აქვს", რაც მათ შორის უკრაინისთვის თავდასხმის იარაღების გადაცემაზე გადის. 


close დახურვა