ესტონეთი რუსულენოვანი ტელეკომპანია "დოჟდის" მაუწყებლობას წყვეტს. გადაწყვეტილება ლატვიასა და ლიეტუვის შემდეგ ტალინმაც მიიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ადგილობრივ გაზეთ Postimees-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც ტელეოპერატორ Elisa-ს ესაუბრა. ესტონეთში "დოჟდის" ტრანსლირება ხდებოდა Telia-ის, Elisa-ისა და Home 3-ის ოპერატორების საშუალებით, მათგან ორის შემთხვევაში "დოჟდი" გაფართოებულ პაკეტში შედიოდა.
როგორც Elisa-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა თქვა, მაუწყებლობის შეჩერების შესახებ შეტყობინება კომპანიამ მომხმარებელთა დაცვისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიიღო.
"Elisa-ს სატელევიზიო პაკეტებს შორის "დოჟდი" არის არჩევითი არხი, ამიტომ ამ ტელეარხის შეჩერება გავლენას მოახდენს მომხმარებელთა ბაზის მცირე ნაწილზე", - თქვა ტაავი ტედერმა.
ტელეარხი "დოჟდი" რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.
დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება არხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა. ცნობილი გახდა, რომ NEPLP-მა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართებით ფრაზა "ჩვენი არმიის" გამოყენების გამო. ბოლო შემთხვევა კი უკავშირდება ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევს, რომელმაც პირდაპირ ეთერში მობილიზებულების დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა.
ლატვიის მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ არხის მაუწყებლობის ლიცენზია უკან გაეწვია. მალევე არხის მაუწყებლობა ლიეტუვამაც შეწყვიტა.