ლატვიის პრეზიდენტის, ეგილს ლევიტსის განცხადებით, უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს.
"ვფიქრობ, რომ ომის შემდეგ ეს დისკუსია განახლდება. მე ნამდვილად ვხედავ უკრაინას, როგორც NATO-ს წევრ ქვეყანას, რადგან მას ეყოლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არმია და ეს იქნება რეალური წვლილი NATO-ს სიძლიერეში", - თქვა ლატვიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლევიტსმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არის გარკვეული რეფორმები, რომლებიც კიევმა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეს.
"ამ რეფორმებს დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, უკრაინა ახლა ომზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისინი უკვე რეფორმებს ატარებენ. ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ გაწევრიანებას არც ისე დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ეს არც მომავალ წელს მოხდება", - განაცხადა ლევიტსმა.