ლევან ვასაძემ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრის შინაარსზე რამის თქმას არ აპირებს.
„არაფერი მისტიკური, არაფერი ზებუნებრივი ამ შეხვედრებში არ იყო. მე, როგორც შევპირდი საზოგადოებას, არასდროს გავაჟღერებ ამ შეხვედრის შინაარსს, რადგან ეს სცდება ჩემს და, დარწმუნებული ვარ, ბიძინას ეთიკურ ნორმებსაც. მე არ მიმაჩნია, რომ რაიმეს ოდესმე შევცვლი ამ თვალსაზრისით. არავითარი პოლიტიკური გარიგება, როგორც ბრალს მდებენ, არ შემდგარა. ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის. მე ეს იმიტომ გავაჟღერე, რომ, როდესაც ადამიანთან გაქვს პირადი ურთიერთობები, როცა მას იცნობ, როცა მან შენ მოგმართა, შენ მას მიმართე, შეხვდი, სახლში ესტუმრე - არაკაცურია, მას რაღაცები გაუგზავნო საჯაროდ ამის გაჟღერების გარეშე. ეთიკურად ჩავთვალე მეთქვა: „ბიძინ, რასაც მე საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს“. სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ გეტყვით რაზე ვისაუბრეთ და მერწმუნეთ, არც ისე საინტერესო შეიძლება იყოს ეს თქვენთვის“, - განაცხადა მან.
ლევან ვასაძემ გუშინ, 9 ნოემბერს განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ის და ბიძინა ივანიშვილი აპრილში შეხვდნენ ერთმანეთს.
