ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.
სამართალდამცველი, რომელმაც იზორიას ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი.
ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, როდესაც ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდის ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.
პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია. ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც თავად გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს.
გარდა ამისა, დვალიშვილმა კადრები პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.