logo
ENG



ლელომ და დროამ კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

20 ოქტ 202116:17
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციურმა პარტიებმა, ლელომ და დროამ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

საერთო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პარტიებს შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ჯანსაღი კოალიციური მმართველობის გარანტი იქნება და არცერთ მხარეს ერთპიროვნული მართვის საშუალებას არ მისცემს. 

"დღეს შევიკრიბეთ პარტია დროა და პარტია ლელო საქართველოსთვის, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი და ერთიანი პლატფორმა, იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური, მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ პროდასავლური კოალიციური მმართველობა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა ქართული ოცნება საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს, პოლიტიკური ძალების გაერთიანება კრიტიკული მნიშვნელობისაა.

"ამ მომენტში ჩვენ, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მოქალაქეებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა- კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს რწმენას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი ეროვნული თანხმობით პროდასავლური ცივილიზებული სახელმწიფო. დღეს ეს გადის ორ რამეზე, ესაა ერთობა და კოალიციური მრავალფეროვნება[...] მე დიდი სიამოვნებით ვაწერ ხელს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ჩვენ ამ ბრძოლაში ვერთიანდებით." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ლიდერებმა კოალიციური მმართველობის მომხრე პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდეს შეუერთდნენ ამ შეთანხმებას. მათ ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე და ამომრჩეველს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. 

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.

 

close დახურვა