logo
ENG



ლელომ რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

12 აპრ 202112:50
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშრებით სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს.

მისივე თქმით, რიონის ხეობაში პოლიცია აქტივისტებთან და მოსახლეობასთან მიმართებით სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება უნდა დაიწყოს. 

"მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან უსწრაფეს რეაგირებას იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება რიონის ხეობაში. ის რასაც შსს-ს წარმომადგენლები რიონის ხეობაში აქტივისტებთან და მოსახლეობასთან დაკავშირებით ახორციელებენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამისთვის კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა უნდა აგონ პასუხი, თუ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება მათი მხრიდან დანაშაულში თანამონაწილეობა. ისინი ამით არამხოლოდ წაახალისებენ კონსტიტუციის სრულად ფეხქვეშ გათელვას, არამედ თავად პროკურატურა გახდება მასშტაბური უფლებადარღვევის თანამონაწილე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, გამოძიების პროცესში უნდა გამოიკვეთოს ის პირებიც, "რომლებიც გასცემენ დანაშაულებრივ ბრძანებებს".

"დღევანდელ განცხადებაში მივუთითე, რომ ეს გამოძიება უნდა წარიმართოს ყველა იმ სისხლის დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც ფიქსირდება და უნდა გამოიკვეთონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ პირები, რომლებიც გასცემენ დანაშაულებრივ ბრძანებებს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.

პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები. 

 


close დახურვა