logo
ENG



ლელო: არ დავუშვათ, არჩევნებზე საქართველო საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე დარჩეს

10 სექ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 
ლელო: არ დავუშვათ, არჩევნებზე საქართველო საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე დარჩეს

"არ დავუშვათ, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა სახლში დარჩეს", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

განცხადებაში საქართველოში კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრ მატებასა და მის მიზეზებზეა საუბარი.

"მკვეთრად შემცირდა სამინისტროს მხრიდან ინფექციის პრევენციის ღონისძიებები, სახელმწიფომ მოადუნა კონტროლი, რამაც მოსახლეობის დიდ ნაწილში შექმნა მოლოდინი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსი სრულად დაძლია, რაც ასე არ არის. შესუსტებულია რეაგირება რეგულაციების დარღვევის შემთხვევებზე, ფაქტობრივად, არ ტარდება ღონისძიებები სასწავლო დაწესებულებების 'სკოლის ექიმებით' სრულად დაკომპლექტების, ან არსებულთა გადამზადებისთვის და ა.შ. ხოლო მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, არ არის შემუშავებული, როგორც წინა, ასევე არჩევნების პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს, მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე, ინფექციების პრევენციის გაიდლაინები და პროტოკოლები. ასევე, არ არსებობს პროტოკოლები საერთაშორისო ექსპერტებისა და დამკვირვებლებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ვირუსის გავრცელება მდგომარეობის მიზანმიმართულად დაძაბვას ემსახურება. მათი განმარტებით, ეს იმისთვის ხდება, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე და "2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები დარჩეს დისტანციური დაკვირვების იმედად".

"ასევე, ემსახურება იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების დღეს დარჩეს სახლში, ვირუსის არაეფექტიანი მართვის გამო, ხოლო ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება მიმართოს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისკენ. ხელისუფლებამ კოვიდინფექცია საუკეთესო პოლიტიკურ პარტნიორად გაიხადა და მას საარჩევნო პროცესების მართვის ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტად იყენებს – ადამიანებში ინერგება შიში და განცდა, რომ ჯანდაცვის სექტორი ვეღარ უმკლავდება ათეულობით შემთხვევას, რაც ადამიანებს დააფიქრებს, რამდენად უსაფრთხო იქნება საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა, მათ შორის, 31 ოქტომბერს", - წერია ლელოს განცხადებაში.

პარტია მოითხოვს, რომ ჯანდაცვის სექტორმა სწრაფად შეიმუშაოს კონკრეტული გაიდლაინები, რათა არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშისა და გაურკვევლობის განცდა პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო დარჩეს მარტო, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე", - აცხადებს პარტია.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირებული 57 ახალი პაციენტი გამოვლინდა. შეიქმნა რამდენიმე კლასტერიც. 


close დახურვა