logo
ENG



ლელო: მზად ვართ, უკრაინაში წავიდეთ როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან ერთად

13 აპრ 202223:04
3 წუთის საკითხავი
 
ლელო: მზად ვართ, უკრაინაში წავიდეთ როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან ერთად

პარტია ლელო აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში წავიდეს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან ერთად.

პარტია მიიჩნევს, რომ "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი". 

ლელოს შეფასებით, "სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება"

"შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში". - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პარლამენტში, მმართველი პარტიის და ოპოზიციის წევრებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ხელისუფლება და ოპოზიცია ცალ-ცალკე გაემგზავრებიან. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაზე მისი შეთავაზება იყო, როგორც სხვა ვიზიტების დროს, უკრაინაშიც წასულიყო სამი წარმომადგენელი უმრავლესობიდან, სამი - ოპოზიციიდან. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვიზიტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების ბუჩაში ჩასვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად უკრაინაში მიიწვია რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების "საკუთარი თვალით სანახავად".

თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა სტეფანჩუკის მიწვევას "არასათანადო" უწოდა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია. 

მმართველი პარტიის ამ განცხადებების შემდეგ, 9 აპრილს ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოსახატად თავად ჩავიდოდნენ. 

მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური პარტიები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ესტუმრონ. 

თუმცა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 


close დახურვა