logo
ENG



ლენტეხის შესასვლელთან ადგილობრივებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

11 აპრ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის რაიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტერიტორიაზე, მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ტერიტორიას 2 კვირის განმავლობაში ვეღარ დატოვებენ. ტერიტორიის შესასვლელთან მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება და მათ შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ არ გამოუვილნდებათ მაღალი ტემპერატურა.

ადგილზე სიტუაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები აკონტროლებენ. პარალელურად, იზრდება იმ პირების რაოდენობა, ვისაც ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ლენტეხში მოსახლეობას უტარდება თერმოსკრინინგი და ასევე ადგილზე ტარდება შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

 „22 მარტიდან თავდაცვის ძალების მიერ, საქართველოს მასშტაბით შექმნილ გადაადგილების კონტროლის პუნქტებში შემოწმებული იქნა 253 880 ავტოტექნიკა და დეზინფიცირებული თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 620 000 ადამიანს. რაც შეეხება ლენტეხს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ შექმნა გადაადგილების შეზღუდვის პუნქტი, აღნიშნულ საგუშაგოზე ერთობლივად მოქმედებს მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნულ საგუშაგოზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და სადეზინფქციო სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ამის მიზეზი 30 წლამდე კორონმავირუსით ინფიცირებული მამაკაცია, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად იმყოფებოდა, ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება. გარდა ამისა,  ლენტეხში კორონავირუსი დამატებით 4 პირს აღმოაჩნდა. ტერიტორიაზე 100 პირი, რომელთაც უშუალოდ შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულებთან,  თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ლენტეხის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან.


close დახურვა