ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, რუსული რაკეტა ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
"არ შემიძლია ამჟამად ზუსტი ადგილმდებარეობა დავასახელო, მაგრამ ეს დანამდვილებით არაა აეროპორტი. დაზიანებულია ავტოსატრანსპორტო კომპანიის შენობის ფანჯრები. სიტუაცია ადგილზე ზუსტდება", - თქვა სადოვიმ.
მოგვიანებით მერმა დააზუსტა, რომ რაკეტა თვითმფრინავების შეკეთების ქარხანას მოხვდა. მისივე თქმით, ქარხანაში მუშაობა შეჩერებული იყო და მუშები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რის გამოც მსხვერპლი არ ფიქსირდება.
ლვოვში აფეთქებების ხმა გამთეენისას გაისმა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქალაქის აღმოსავლეთით კვამლია.
ქალაქი პოლონეთის საზღვრიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. რამდენიმე ქვეყანამ საელჩო კიევიდან ლვოვში გადაიტანა. რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრი უკრაინელი სწორედ ლვოვში გაიქცა.