logo
ENG



ლომჯარია: ბავშვები რომ თავშესაფარში არ დარჩნენ, გამოვიყენებთ სამართლებრივ, პოლიტიკურ გზებს

02 ივნ 202123:10
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: ბავშვები რომ თავშესაფარში არ დარჩნენ, გამოვიყენებთ სამართლებრივ, პოლიტიკურ გზებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასახმარებლად ყველა გზას გამოიყენებს. ამაზე ლომჯარიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე სამართლებრივი დავა დაწყებულია.

"იმისთვის, რომ ბავშვები თავშესაფარში არ დარჩნენ, ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სხვაგვარი გზები, პირველ რიგში ადგილობრივ სასამართლოებში დავით. სახალხო დამცველი მანდატიდან გამომდინარე ვერ უჩვილებს ინსტიტუტს, დავა დაწყებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას და აპელაციაშია საქმე", - ამბობს ლომჯარია.

ამასთან, მისივე თქმით, არაერთი განცხადების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში, ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა.

ლომჯარიას თქმით, პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს.

"პირველ რიგში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოზეა პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის სამინისტროზე, რომლის დაქვემდებარებაში არსებობს ეს უწყება, პასუხისმგებლობაა საქართველოს პარლამენტზეც, სადაც დღემდე არ განხილულა მოსმენა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია საგანგებო ვითარება არის.

ჩვენ გავაკეთეთ არაერთი განცხადება და ნაცვლად ამისა, დღეს მესმოდა ცალკეული დეპუტატების მხრიდან ბრალდებები სახალხო დამცველის მისამართით. ვფიქრობ ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით საკუთარი როლი, სახალხო დამცველის როლი და ალბათ, არ ადარდებთ ბავშვების მდგომარეობა იმიტომ, რომ იქ არსებულ ვითარებაზე ჩვენ ბოლო მონიტორინგის ანგარიშშიც საკმაოდ კრიტიკულად და მძიმედ ვაფასებდით", - ამბობს ლომჯარია.

დღეს, 2 ივნისს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

მისივე განცხადებით, პროკურატურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების საქმესაც იძიებს. 

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია. 


close დახურვა