logo
ENG



ლომჯარია: NGO-ების ცნობით, მათ დამკვირვებლებს შეურაცხმყოფელ გარემოს უქმნიან

03 ნოე 202017:24
3 წუთის საკითხავი
 
xiq3fngucjbqk9m.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების (ISFED, GYLA, TI) ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მათი დამკვირვებლების მიმართ ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას.

"სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!", - წერს ლომჯარია.

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში - ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას. 


close დახურვა