logo

ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, მედიაციის მონაწილე პირებს შეხვდეს და პროცესში ჩაერთოს

28 მარ 202117:24
3 წუთის საკითხავი
clock 91
ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, მედიაციის მონაწილე პირებს შეხვდეს და პროცესში ჩაერთოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, მედიიც მონაწილე პირებს შეხვდეს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა  საჭირო პროცესში, "რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს".

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები წლებია ამახვილებენ ყურადღებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა - ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს", - წერია განცხადებაში. 

ლომჯარია ამბობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში.

"ამასთანავე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდადანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 

close დახურვა