logo
ENG



ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი რუსეთშია

06 ივლ 202312:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/06/zldj5990ap22emz.jpg

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"რატომ მეკითხებით, სად იმყოფებიან დღეს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი და ამ კომპანიის ხელმძღვანელი? ეს კომპანია, ძალიან კარგად გესმით, რუსულია. ამიტომაც კითხვა აშკარად ჩემთან არაა. როგორც ინფორმირებული ვარ, მებრძოლები თავიანთ მუდმივ ბანაკებში იმყოფებიან. იმ ბანაკებში, სადაც ფრონტიდან გაყვანის შემდეგ იყვნენ გამოჯანმრთელების, მკურნალობასა და დასვენებისთვის", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავე დროს, იგი ამბობს, რომ ვერ ხედავს ბელარუსისთვის რისკებს, თუ ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში განლაგდებიან.

"რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის პიტერშია [სანქტ-პეტერბურგი]. სად არის დღეს დილით? შეიძლება მოსკოვში წავიდა, შეიძლება სადმე სხვაგან, ბელარუსის ტერიტორიაზე ის არაა", - თქვა ლუკაშენკომ.

ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში რუსეთის არმიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცნენ - თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ბახმუტში, რის ფონზეც, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინი ამბობდა, რომ სამინისტრო ვაგნერს საკმარის საბრძოლო მასალასა და იარაღს არ უგზავნიდა. 

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა