logo
ENG



ლურჰმანი: ევროკომისიისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ამართლებს მოლოდინს

22 ივნ 202314:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/22/343402lh9icn97l.jpg

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლურჰმანი ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, თუმცა რეფორმების ტემპი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, გერმანიას სურს, საქართველო ევროკავშირში იხილონ.

"უამრავ ქართველს შევხვდი, რომლებსაც ძალიან სურთ, იყვნენ ევროკავშირში. მაგრამ სამწუხაროდ რაც მოვისმინეთ ევროკომისიისგან, არის ის, რომ მთავრობა ვერ ამართლებს მოლოდინს, რეფორმების ტემპი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს. აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ ამ რეფორმების პრიორიტეტების შესრულებას, არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩამოვიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო გახდება უფრო თავისუფალი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა. კომისიისგან მოვისმენთ უფრო მეტ დეტალს, მაგრამ რაც უკვე ვიცით, რომ ბევრი პრობლემაა კანონის უზენაესობის, სასამართლოს რეფორმების კუთხით. იყო საუბარი იმის შესახებაც, როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას. გერმანიის მხრიდან ნათელია, რომ გვსურს საქართველო ვნახოთ ევროკავშირში", - განაცხადა ლურჰმანმა.

დღეს, 22 ივნისს შვედეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები არიან შეკრებილნი, რომლებმაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას უნდა მოუსმინონ. იგივე მოხსენება ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გუშინ ბრიუსელში წარადგინა.

გამოცემა EURACTIV-მა მოიპოვა ევროკომისიის ანგარიში. გამოცემა წერს, რომ ევროკომისიის ამ მოხსენების ტექსტის მიხედვით, მოლდოვას და უკრაინას რეფორმების კუთხით კარგი პროგრესი აქვთ და მოსალოდნელია, რომ რეფორმებზე მუშაობას ისინი მომდევნო თვეებში დაასრულებენ. საქართველოს შემთხვევაში კი "მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო" ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

გამოცემის ცნობით, ამ ანგარიშში წერია, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სრულად 3 შეასრულა: გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველომ ასევე გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.


close დახურვა