logo
ENG



მაია სვიანაძე: სასამართლო სისტემიდან წასვლა კონკრეტულ საქმეს ან ზეწოლას არ უკავშირდება

12 აპრ 202112:53
3 წუთის საკითხავი
 
მაია სვიანაძე: სასამართლო სისტემიდან წასვლა კონკრეტულ საქმეს ან ზეწოლას არ უკავშირდება

მოსამართლე მაია სვიანაძე, რომელიც აშშ-ში წავიდა და სასამართლო სისტემა დატოვა, ამბობს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება კონკრეტულ საქმეს ან პოლიტიკურ ზეწოლას. 

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ში შვილი ყავს და მასთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. 

"სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა.

რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლად გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში პატივი მქონდა, ღირსეულად მემსახურა საქართველოს მოქალაქეებისთვის თბილისის საქალაქო და სხვა რაიონულ სასამართლოებში.

ამ პერიოდში მომეცა საშუალება შევხვედროდი, ძალიან ბევრ გონიერ მოსამართლეს, ადვოკატსა თუ სასამართლოს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრირებაში და იბრძვიან თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისათვის. მე ვარ უაღრესად მადლიერი რადგან მქონდა ასეთი განსაკუთრებული პრივილეგია და საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შემეტანა ქართული სასამართლოს განვითარებაში". - დაწერა მან ფეისბუქზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, აშშ-ში გაემგზავრა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებაც იქიდან გააკეთა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი განცხადება 5 აპრილის სხდომაზე დააკმაყოფილა. 

სვიანაძე 2017 წლის მაისიდან განწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ. 


close დახურვა