logo
ENG



მაკრონის თქმით, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით პუტინმა "დიდი შეცდომა" დაუშვა

18 ივლ 202319:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/tjqz2jp4zikpev7.jpeg
rancois Walschaerts/AP

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლითა და საკვების "იარაღად" გამოყენებით ვლადიმერ პუტინმა "უდიდესი შეცდომა" დაუშვა.

"ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თუნდაც აზიის ქვეყნები ძალიან დამოკიდებულები არიან ამ შეთანხმებაზე, რომელზეც რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს", - განაცხადა მან.

17 ივლისს რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა. პესკოვმა აქვე დასძინა, რომ მოსკოვი "დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმების შესრულებას მას შემდეგ, როცა მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილი შესრულდება".

***

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. რუსეთი თვლის, რომ დაპირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის დაპირება არ შესრულდა.

2023 წლის 20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა და დაიმუქრა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფასო მარცვლეულს აფრიკის ქვეყნებში გააგზავნიდა. 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება სთხოვა; სანაცვლოდ კი მას სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, Rosselkhozbank-ის, საერთაშორისო გადახდის სისტემასთან (SWIFT) დაკავშირება შესთავაზა. ევროკავშირმა აღნიშნული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან 2022 წლის ივნისში გათიშა. 

მარცვლეულის ძალის შეთანხმებით ექსპორტზე უკანასკნელი გემი, რომელიც ოდესის პორტში დაიტვირთა გუშინ, 16 ივლისს გავიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთს 27 ივნისის შემდეგ ახალი გემები აღარ დაურეგისტრირებია.

პირობების შეუსრულებლობისა და რუსული საქონლის ექსპორტის შეფერხების ბრალდებით კრემლი მრავალჯერ დაიმუქრა, რომ  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავა.


close დახურვა