logo
ENG



მამინაცვალს, რომელიც გერს 4 თვე მცირე ზომის სათავსოში ამყოფებდა, პატიმრობა შეეფარდა

01 ივლ 202218:54
3 წუთის საკითხავი
 

მამინაცვალს, რომელიც გერს 4 თვის განმავლობაში მცირე ზომის სათავსოში ამყოფებდა, ბრალდება წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შაბათის ფორმულამ 28 მაისს თემაზე სიუჟეტი მოამზადა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ა.ხ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გერს, ოთხი თვის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდა, ჩაკეტილი ჰყავდა საცხოვრებლად უვარგის მცირე ზომის სათავსოში, სადაც დაზარალებულს არ ჰქონდა სათანადო პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, მოვლით და კვებით, რის გამოც ანორექსია განუვითარდა.

პოლიციამ ბრალდებული 29 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ) და 11 პრიმა 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შიდა ქართლში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი ოჯახს წლობით გამოკეტილი და დაბმული ჰყავდა. 27 წლის ქალის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, როდესაც დედამისი ლოგინად ჩავარდა და მამინაცვალმა - ის პირუტყვის სადგომში გამოკეტა.

 


close დახურვა