შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შიდა ქართლში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი ოჯახს წლობით გამოკეტილი და დაბმული ჰყავდა. 27 წლის ქალის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, როდესაც დედამისი ლოგინად ჩავარდა და მამინაცვალმა - ის პირუტყვის სადგომში გამოკეტა.
რამდენიმე დღის წინ მსხვერპლმა ქალმა შეძლო და საქონლის სადგომიდან გაიქცა. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოლიცია და სოციალური მუშაკი გამოიძახა. ამ ინციდენტის შემდეგ გამოიძებნა ახალგაზრდა ქალისთვის თავშესაფარი, რომელსაც ოჯახი წლები ითხოვდა.
ის ახლა ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში ჰყავთ. ოჯახში ამბობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მისი მოვლა უჭირდათ და წლებია სახელმწიფოს დახმარებას უშედეგოდ სთხოვდნენ.
"იქ ჰყავდათ ჩაკეტილი, სადღაც ბოსელში და პირობების გარეშე ყველანაირად, ცუდ მდგომარეობაში, დაბმული/დაკავებული ჰყავდათ, როგორც ცხოველებს კვებავდნენ, ისე კვებავდნენ ამასაც", - ამბობს ადგილობრივი.
ოჯახი სოფლის განაპირას, ტყეში ჩაკარგულ დაუსრულებელ სახლში ცხოვრობს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ქალზე ზრუნვა შეეძლო, ბოლო წლებში მისი მამინაცვალიო იყო, რადგან დედა სიმსივნით დაავადდა და ვერც შვილის მოვლას და უსახსრობის გამო, ვერც მკურნალობას ახერხებდა. ქალის უარყოფს, რომ გოგონა დაბმული ჰყავდათ.
მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ გამოკეტეს, რომ მეზობლებს ყურძენსა და ვაშლს ჰპარავდა.
"ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მე ვეღარ ვუვლიდი, ისვრიდა, სადღაც ეძინა იქ ისაქმებდა, ძაღლს არ დააბამენ და მე რატომ დავაბამდი, შვილო. მეზობლებთან დილაუთენია გადადიოდა ბაღებში და იპარავდა ვაშლს, ყურძენს, შეწუხდნენ მეზობლები და ამიტომ ვკეტავდით ხოლმე, რომ არ გაპარულიყო, მინდოდა ჩაბარება აქამდეც, მაგრამ ვერ მოვახერხე. პოლიციამ უთხრა ქმარს, მოუვლიო? და შემდეგ წაიყვანეს", - უთხრა დედამ შაბათის ფორმულას.
27 წლის ქალს სოფლის გამგებელიც იცნობდა. ის შაბათის ფორმულას უყვება, რომ იცოდა ქალის მძიმე მდგომარეობის შესახებ, თუმცა ოჯახში სტუმრობისას, მსგავსი ფაქტი არ შეუმჩნევია.
"ვიყავი მის ოჯახში სტუმრად და ჩვეულებრივად საჭმელიც მიუტანეს, დიდი სოფელია, ოჯახში რა ხდება ასე როგორ უნდა გაიგო. გაჭირვებული ოჯახია, მაგრამ წარმოუდგენელია მსგავსი შემთხვევა ყოფილიყო. ვიცი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, იკარგებოდა და ამიტომ ჰყავდათ სახლში, ოთახში დაკეტილი", - ამბობს გამგებელი.