ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა პროტესტი უნდა იყოს.
ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ ახლა ქართულ ოცნებასთან "რაიმე ფორმით" ლაპარაკი ღალატია.
"სამოქმედო გეგმა არის პროტესტი, სამოქმედო გეგმაა დაუმორჩილებლობა და სამოქმედო გეგმაა საქართველოს გადარჩენა. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც ფორმატში ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ უნდა ველაპარაკოთ, არის ჩვეულებრივი ღალატი. ქართული ოცნება არის მოღალატე ხელისუფლება, ქართული ოცნება არის რუსეთის გზავნილი საქართველოში და ის ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენტიტეტი და სახელმწფოებრიობა გაანადგუროს", - ამბობს მამულაშვილი.
მისივე თქმით, ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმას დღეს გამოაცხადებს.
"დაველოდოთ, დღეს იქნება სამოქმედო გეგმა გამოცხადებული გაერთიანებული ოპოზიციის და ნიკა მელიას მიერ. შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. არცერთი წუთი დასაკარგი არ გვაქვს", - თქვა მამულაშვილმა.
გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
დათვლილია ხმების 100%. ოპოზიციურმა კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა.
ხმები ასე გადანაწილდა:
თბილისი: ნიკა მელია - 44.40%; კახა კალაძე 55.60%; დათვლილია ხმების 100%
ქუთაისი: ხატია დეკანოიძე - 48.35%; იოსებ ხახალეიშვილი - 51.64%; დათვლილია ხმების 100%
ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - 51.018% ; გიორგი კირთაძე - 48.982%; დათვლილია ხმების 100
ზუგდიდი: ანზორ მელია - 48.36%; მამუკა წოწერია - 51.63%; დათვლილია ხმების 100%
რუსთავი: დავით კირკიტაძე - 46.28%, ნინო ლაცაბიძე - 53.71%, დათვლილია ხმების 100%
ფოთი: გიგი უგულავა - 42.65%, ბექა ვაჭარაძე - 57.35%; დათვლილია ხმების 100%.