გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარების კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენს. ოპოზიციის თქმით, შეთანხმებები კანდიდატებთან დაკავშირებით უკვე არსებობს, თუმცა კონკრეტულ პირებს გაერთიანებაში ჯერ არ ასახელებენ.
„მუშაობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ ამ კვირაში უკვე გვეცოდინება განლაგება, კონტურები, მათ შორის კანდიდატები. შეიძლება სრულად არა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა და ამ საერთო ფორმატში ჩემს თაობაზეც გაიგებს საზოგადოება. პერსონალური შეთანხმებები მიდის პარტიებს შორის და რა თქმა უნდა მოწვეული იქნება დიდი ფორმატის შეკრება, სრულმასშტაბიანი და მხოლოდ საერთო შეკრებას გადაწყდება და მიიღება შესაბამისი ვერდიქტი“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა შალვა ნათელაშვილმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოება მაჟორიტარობის კანდიდატების კონკრეტულ სახელებსა და გვარებს პარასკევამდე გაიგებს.
„გარკვეული შეთანხმებები ოპოზიციაში არის. პირდაპირ გეტყვით, რომ საღმა აზრმა რა თქმა უნდა იმძლავრა. ცოტა ვანერვიულეთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ ერთიანობას და პროცესში თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა გამოვტაცოთ ხელიდან ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა, რომელიც მიექანება უკიდურესი მძიმე ვითარებისკენ. რაც შეეხება სახელებსა და გვარებს, ამას ყველაზე გვიან პარასკევს გაიგებთ. შევიკრიბებით ძირითადი ოპოზიციური პარტიები და მოხდება ამ კანდიდატების საბოლოო დამტკიცება“, - განაცხადა ვაშაძემ.