logo
ENG



მარგველაშვილი: გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში

27 დეკ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მისი განცხადებით, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, მელიას და გვარამიას საქმეებს. 

"გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ესენია მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, მელიას და გვარამიას საქმეები. ის საქმეები, რომლებიც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ საქმეებს ვაჩერებთ. იმ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს ამ საუბრის აქტორების მიმდინარე დევნა ან პატიმრობა". - თქვა მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ. 

მარგველაშვილმა ასევე კიდევ ერთხელ ილაპარაკა სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივაზე. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება და ტემპერატურის დაწევა შიდა დაპირისპირებისა, რომელიც ქალბატონი სალომეს მიერ არის ინიცირებული, არის დროული და მხარდასაჭერი. ამ თვალსაზრისით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი და გამოვხატეთ მზაობა და მოწონება და ვთქვით, რომ ბუნებრივი იქნება, ჩავატაროთ 3 პრეზიდენტის ფორმატი. ამ ფორმატმა, ყველა განსხვავებების და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებების მიუხედავად, ქართველ ხალხს გაუგზავნოს გზავნილი, რომ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით საერთო მტრის წინააღმდეგ." - თქვა მან. 

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში 3-საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა. 


close დახურვა