logo
ENG



მარგველაშვილი: სახელმწიფომ აირჩია პოზიცია, ხალხი დაყოს ქრისტიან მრევლად და არამრევლად

17 აპრ 202022:24
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის პრევენციისათვის გადადგა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოება დაყო ქრისტიან მრევლად და არამრევლად. ამ სიტუაციაში კი ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს იყენებს და ქრისტიან მრევლს აძლევს უფლებას რომ გადაადგილდნენ და კანონი დაარღვიონ, რომელიც 3-ზე მეტი კაცის შეკრებას კრძალავს, ხოლო მას ვინც მრევლი არაა აჯარიმებენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სახელმწიფოს და მოქალაქეებს არ უფრთხილდება.

„ქართული ოცნება სახელმწიფოს და მოქალაქეებს არ უფრთხილდება. ამ ხელისუფლების მთავარი მოტივაციაა, რომ სახელმწიფო არაფერი არ არის, ინსტიტუტები არაფერი არ არის და ურთიერთობები, მოლაპარაკებები, შეთანხმებები არის ყველაფერი. ეს არაფორმალიზმი უკვე ზღვარს გადავიდა და ამაშია საქმე. ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დაიცვან აკრძალვები, დავეხმაროთ გაჭირვებულ მეზობლებს.

ამ ვითარებაში, როდესაც ეკლესიამ აირჩია ეს პოზიცია, რომელიც აირჩია და მეორეს მხრივ სახელმწიფომ აირჩია პოზიცია, რომ ხალხი დაყოს ქრისტიან მრევლად და არამრევლად. მრევლს ჰქონდეს უფლება იმოძრაოს და არამრევლს უნდა ვაჯარიმებდეთ. აი ამ რეალობაში შევეცადოთ, რომ არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. 

ვისაც აქვს შესაძლებლობა დაურეკეთ თქვენს ახლობლებს, ვინც აპირებს რომ ეკლესიაში წავიდეს, ყოველგვარი კამა​თის, ცინიზმის, ქილიკის გარეშე და უბრალოდ სთხოვეთ, რომ არ გააკეთონ ეს. ადამიანები უფრო მეტის შემძლეები არიან ამ სიტუაციაში ვიდრე სახელმწიფო“,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


close დახურვა