logo
ENG



მარკირების გარეშე ხმის მიცემა და აგიტაცია უბანზე - TI-მ 100-მდე დარღვევა დააფიქსირა 

31 ოქტ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 
v29z7wdk8fj6j18.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა და 15 საჩივარი დაწერა.

როგორც TI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დარღვევებს შორის ფიქსირდება დამკვირვებლების გამოძევება, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, წილისყრის პროცედურის დარღვევა, მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში და სხვა. 

"გურჯაანის #09.12.15 უბნიდან გამოაძევეს ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი პირი ამომრჩეველს მიყვებოდა საარჩევნო კაბინაში. გარდა ამისა, გურჯაანის #09.12.01 და ფოთის #26.70.17 უბნებიდან სცადეს ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტინები და კამერები კაბინასთან ახლოს)

ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ, გორის #15.32.03, ახალციხის #17.37.04 უბნებზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. მათ შორის აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა. რამოდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. ასეთი უბნებია, დუშეთის #11.28.37, გორის #15.32.28

წილისყრის პროცედურის დარღვევა - ახალციხის #12.21.14, მარნეულის #13.22.85, დმანისის #14.24.46, ვაკის #02.02.31  უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში - ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.

საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა - ნაძალადევის #06.07.07, ქუთაისის #23.59.122 და ბათუმის #28.79.14 და წყალტუბოს #22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა - დილას გარდაბნის #12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ ჩვენს დამკვირვებელს, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა. მოგვიანებით ამ პირებმა გაიკეთეს სამკერდე ნიშნები. ამ შემთხვევის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც დაიწყო საკითხის შესწავლა.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა - მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის” გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები.

საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები - დმანისის #14.24.46 უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა ჩვენი დამკვირვებლის საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრა.

მარკირების გარეშე ხმის მიცემა - დუშეთის #11.28.01 და ახმეტის #10.18.04 უბნებზე ადგილი ქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე - თეთრიწყაროს #14.26.10 უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა", - ნათქვამია TI-ს ინფორმაციაში. 


close დახურვა