საია-ს თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა.
საია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.
"სხეულის დაზიანება არ მაქვს, მნიშვნელოვანი დაზიანება არ მაქვს, თუმცა შემეშალა ხელი ჩემი სადამკვირვებლო საქმიანობაში. ვიყავი N4-ე უბანზე, სადაც შევამჩნიე, რომ ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი არ ახდენდა მოსული ამომრჩევლებისთვის მარკირების შემოწმებას. მივუთითე ამის შესახებ. ამან გამოიწვია კომისიის ერთ-ერთი წევრის გაღიზიანება, რომელიც დამემუქრა, ჯერ გამოიწია ჩემკენ, მაგრამ კომისიის წევრები ჩაერივნენ და განიმუხტა სიტუაცია. შემდგომ ბადრი ჯაფარიძე მოვიდა ამ უბანზე და თქვეს, რომ პოლიცია იყო მოსული. ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ პოლიცია ჩემი გამოძახებული იყო, თავის გატეხვით დამემუქრა. როდესაც გამოვდიოდი ამ უბნიდან, მკრა ხელი, დამარტყა და შემდგომ გამოვედი გარეთ. კომენტარი მივეცი TV პირველის ჟურნალისტს და როდესაც მოვდიოდი, კიდევ ერთმა პირმა დამარტყა", - თქვა გოცირიძემ ფორმულას ეთერში.