ე.წ. ციანიდის ცაქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე პარლამენტთან მწვანე ღობის დადგმას ეხმაურება.
მამალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის ქმედებებით აქციების დაშლას და საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს. მისივე თქმით, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტო გაგრძელდება.
"რაც გააკეთეს ეს მიმართულია იმისკენ, რომ ის საპროტესტო მუხტი, რომელიც რუსთაველზე უკვე წლებია არის, ჩაახშონ. ივანიშვილს ეს არ გამოუვა. ჩვენ, მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლებისგან არიან დაშავებულები, ვფიქრობთ, მოვაწყოთ დიდი საპროტესტო აქციების მოწყობაზე. ამის შესახებ საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი", - განაცხადა მამალაზემ "ფორმულასთან" საუბარში.
ფაქტს ასევე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კედლის ჩადგმით ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას პროტესტში ხელს ვერ შეუშლის.
"ეს არის მორიგი მცდელობა, რომ აქცია პარლამენტის წინ აღარ გაიმართოს. რეალურად 3000-კაციანი ეკონომია გაგვიკეთეს. ადრე თუ 5 ათასი ადამიანი გვჭირდებოდა რუსთაველის გადასაკეტად, ახლა 500-1000 ადამიანი გვეყოფა. ვერანაირი ბარიერი ვერ შეგვიშლის ხელს, ამ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოება გაიმარჯვებს", - აღნიშნა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, გასართობი ატრაქციონების განთავსების მიზნით, 2019 წლის 30 დეკემბერს, მერიის თანამშრომლებმა გვიან ღამით აიღეს.
22 იანვარს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს და მწვანე ღობე ტერიტორიაზე ამისთვის შემოავლეს.