logo
ENG



მაჭარაშვილი იზორიას ელჩად დანიშვნაზე:საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები დაახლოვდება

28 იან 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერთობას წაადგება.

„აღსანიშნავია, რომ იგი გერმანიაში წლების განმავლობაში სწავლობდა, იცნობს კარგად ამ ქვეყანასა და გერმანიის საზოგადოებას. ბუნებრივია, იზორიას დანიშვნით ჩვენს ქვეყანასა და გერმანიას შორის კიდევ უფრო დაახლოვდება ის ურთიერთობები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და იმ გზისთვის, რასაც ინტეგრაციის გზა ქვია. 

მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენს გუნდში ადამიანები, პროფესიონალები იმის მიხედვით შეიძლება გადაადგილდნენ თანამდებობებზე, სადაც ამის საჭიროებაა. აქ ვხედავ მხოლოდ იმას, რომ მისი რესურსი გამოყენებული უნდა იქნას იმისათვის, რომ ჩვენსა და გერმანიას შორის არსებული ახლო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორია თანამდებობის დატოვებას თავისი ძმის ინციდენტს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო. თუმცა, ამავდროულად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება იზორიას ძმის საქმეს, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.

აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო. 


close დახურვა