logo
ENG



მდინარაძე:დიალოგის კარს არ ვხურავთ, წარმოადგინონ კონსტიტუციური და მიზანშეწონილი შეთავაზება

16 დეკ 201907:59
3 წუთის საკითხავი
 
fbgiz3685hlwhbk.jpg

მოლაპარაკებების მორიგი, მეოთხე რაუნდი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პარასკევს გაიმართება. მესამე შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ამჯერადაც ვერ შეთანხმდნენ ახალ საარჩევნო სისიტემაზე, რის გამოც, მმართველმა გუნდმა  მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ოპოზიციის შეთავაზებას, მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ მთავრობამ მხარი არ დაუჭირა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ჯერჯერობით ოპოზიციის შეთავაზებები მათთვის მიუღებელია.

„დეტალურად განვიხილეთ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მრავალმანდატიანი მოდელი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასეთი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში და აქედან აქვს გადაღებული ეს მოდელი ერაყს. მაგალითად, ის პარტია, რომელიც ხმების 50% აიღებს, მიიღოს მანდატების გაცილებით ნაკლები რაოდენობა. დიალოგის კარს არ ვხურავთ, წარმოადგინონ კონსტიტუციური და მიზანშეწონილი შეთავაზება“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე კი აცხადებს, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკმაყოფილოები არიან იმ სისტემით, რომელიც არსბეობს.

„ძალიან წვალობს ხელისუფლება. ვერ ღებულობს ვერც გერმანულს და ვერ მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს. კატეგორიულად უარზე არიან მრავალმანდატიან ოლქებზე. არაფერი მოწონთ. ჩვენ მანდატი გვაქვს, მათ მანდატი არ აქვთ. პარასკევს კიდევ ერთხელ შეხვდებით. ერთი რამ გავიგეთ, ყველა მათ შორის ხელისუფლების წარმოამდგენლებიც უკმაყოფილოები არიან იმ სისტემით, რომელიც არსბეობს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მესამე შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე მსჯელობა შესთავაზა, რაზეც მმართველმა გუნდმა შიდა კონსულტაციებისთვის ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.

 


close დახურვა