ქართული ოცნება მიმდინარე კვირაში პროპაგანდისტულ, ჰომოფობიურ კანონპროექტს დაარეგისტრირებს. ეს მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"როგორც ორი კვირის წინ დავაანონსეთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტებისგან გამოხმაურება არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა, ჩვენ დავაინიცირებთ ამ კვირაში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს. როგორც იცით, ამ თემით დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად...
ტრენინგები გაიმართა პრაიდის ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.
სინამდვილეში კი არა უფლებები, არამედ სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა.
მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული. იმისათვის, რომ მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში, იმისათვის, რომ მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში. ე.წ ფარა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში, დოლარი, რომლითაც მდიდარი ენჯეოები ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი ენჯეოების ნაწილი ფინანსდება და ა.შ"- თქვა მდინარაძემ.
ქართული ოცნება "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებს. უმრავლესობის წევრების რიტორიკიდან ჩანს, რომ კანონპროექტი ჰომოფობიური შინაარსის იქნება და ლგბტ-თემს შეეხება.
რას მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის რუსეთსა და უნგრეთში არსებულ ანტი-ლგბტ კანონებს დაემსგავსება.