logo
ENG



მდინარაძე: ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები ოპოზიციამ ლობისტებს დააინიცირებინა

02 ივნ 202223:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/gwob1sne5b9yct7.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დებატები ევროპარლამენტში ოპოზიციამ ლობისტებს დააინიცირებინა.

მანამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც აქცენტი საქართველოში პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იქნება.

მდინარაძემ იმედის ეთერში ოპოზიცია "ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაში" დაადანაშაულა.

"იზრუნეს იმაზე, რომ ამ ფეიკკამპანიის ნაწილი გამხდარიყო ის ამბავი, რომ დააენიცირებინათ ევროპარლამენტში დებატები... დააინიცირეს ახლა, თავისი ლობისტების მეშვეობით, 5 ივლისის და ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით დებატები. უკაცრავად ასეთი უხეში შეფასებისთვის - თუ მართლა არ მტრობ შენს ქვეყანას, რამდენად უსარგებლო და კონტრპროდუქტიულია ამ ქვეყნისთვის... 5 ივლისს ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი, ამას თავი დავანებოთ, 100-ზე მეტი ადამიანი, ზოგი პასუხისგებაში მიეცა, ზოგი ადმინისტრაციული დაკავება და უამრავი რამ მოხდა 5 ივლისთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს რომ ამას ააინიცირებინებ და ჩასული რომ ხარ და ამისთვის იბრძვი, რომ ევროპარლამენტში ასეთი დებატები გაიმართოს და ეს რომ დღის წესრიგში შეგაქვს, ეს არის თუ არა ამ მოცემულ დროს და მოცემულ კონტექსტში შენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება? მარტივია პასუხი, თუ ფიქრობთ, პატივცემულო მაყურებლებო, რომ ეს ასეა, მაშინ ისინი მტრობენ ამ ქვეყანას და ბუნებრივია ეს ასეა. რა დროს ამის დაინიცირება იყო? რა შუაში იყო?" - თქვა მდინარაძემ.

ფორმულას ექსკლუზივი დაადასტურა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა. ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციის იდენტურად მანაც თქვა, რომ მომდევნო კვირას ევროპარლამენტის დეპუტატები შეიკრიბებიან და მიიღებენ რეზოლუციას, სადაც კრიტიკის საგანი იქნება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხები.

დოკუმენტში აქცენტი გაკეთდება 5 ივლისის მოვლენებზე, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით გაუარესებულ მდგომარეობაზე. მათ შორის იმაზე, რომ სამართლის სახელით ქართული ოცნების ხელისუფლება მედიამენეჯერებს პოლიტიკური მიზნით დევნის.


close დახურვა