logo
ENG



მდინარაძე: ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო

11 იან 202112:12
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

მდონარაძის თქმით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, დემოკრატიული განვითარების პროცესში მთავარი ფაქტორი რომელიმე კონკრეტულ პირზე, მათ შორის მასზე არ იყოს დამოკიდებული:

"დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს რომელიმე კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე. ეს უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლა გუნდისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა თავს წარმატებით გაართმევენ, რადგან "ქვეყანაში მყარი ინსტიტუტები არსებობს":

"ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ ეს შეუქცევადობა დემოკრატიის და მისი ხარისხის ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ვფიქრობ ამ გამოწვევას ქართული ოცნების გუნდი წარმატებით გაართმევს თავს, იმიტომ, რომ უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ამ ქვეყანაში, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოოდ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.


close დახურვა