logo
ENG



მდინარაძე: მზად ვართ, უკრაინის დელეგაციაში ყველა ოპოზიციური პარტიის თითო წევრი შევიდეს

14 აპრ 202202:26
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: მზად ვართ, უკრაინის დელეგაციაში ყველა ოპოზიციური პარტიის თითო წევრი შევიდეს
ვახო ქარელი/ფორმულა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სთავაზობს, უკრაინაში საქართველოდან ერთი დელეგაცია წავიდეს და ყველა პარტიიდან იყოს თითო წარმომადგენელი. 

მდინარაძემ იმედის ეთერში თქვა, რომ ეს საკითხი შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან განიხილა. 

მისი თქმით, "გაკვირვებულია, რომ საკითხი რაოდენობამდე დავიდა". 

"დაახლოებით, ერთი საათის წინ საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ვისაუბრეთ ამ თემაზე და გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი - სამი, ოთხი, ექსი თუ შვიდი. ამ შემთხვევაში მათი აზრიც ვიცი და მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა: თუ რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ ისინი უარს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოვუბოდიშოთ, ძალიან გულწრფელად ჩვენს თანაგუნდელებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, უამრავს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა (იმ სამი ადამიანის გარდა, სტატუსების მიხედვით პროტოკოლური ამბებიც ხომ გვაქვს) და ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას: კი ბატონო, რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, წამობრძანდით თითო". - თქვა მამუკა მდინარაძემ

13 აპრილს მმართველი პარტიის და ოპოზიციის წევრებს შორის პარლამენტში გამართული კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ხელისუფლება და ოპოზიცია ცალ-ცალკე დელეგაციებად გაემგზავრებიან. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაზე მისი შეთავაზება იყო, რომ როგორც სხვა ვიზიტების დროს, უკრაინაშიც წასულიყო სამი წარმომადგენელი უმრავლესობიდან, სამი - ოპოზიციიდან. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ვიზიტში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა. 

ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების ბუჩაში ჩასვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად უკრაინაში მიიწვია რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების "საკუთარი თვალით სანახავად".

თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა სტეფანჩუკის მიწვევას "არასათანადო" უწოდა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია

მმართველი პარტიის ამ განცხადებების შემდეგ, 9 აპრილს ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოსახატად თავად ჩავიდოდნენ. 

მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური პარტიები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ესტუმრონ. 

თუმცა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 


close დახურვა