logo
ENG



მდინარაძე: ფეიკია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას

07 ივნ 202323:52
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ფეიკია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე "ფეიკს" უწოდებს იმ განცხადებებს, რომ ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს. მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია საუბრობს, სიმართლეა და არა - ანტიდასავლური.

"ფეიკია, ამას საფუძველი აქვს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას არის ფეიკი. ერთი კონკრეტული რიტორიკა რომ გამახსენონ, რა არის ანტიდასავლური, ბოდიშს მოვიხდი გულწრფელად. მაგრამ ანტიდასავლურად რასაც თვლიან, ის რეალურად არის არაფერი - ის არის რეალური, არაფერი რასთან დაკავშირებით, ანტიდასავლურთან დაკავშირებით და რეალურად არის ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს", - განაცხადა მან იმედის ეთერში.

ქართულ ოცნებას ხშირად აკრიტიკებენ მათი რიტორიკის გამო, თუმცა მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ, რომ ეს განცხადებები ანტიდასავლურია. მდინარაძის მსგავსად, არც თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ანტიდასავლური განცხადებები გაუკეთებია, თუმცა ის ერთ-ერთია ოცნებიდან, ვინც მეორე ფრონტზე საუბრობს და ევროპელ პარტნიორებს თავს ესხმის.

ხელისუფლების პროპაგანდაზე საუბარი იყო ALDE-ს რეზოლუციაშიც - ლიბერალურ-დემოკრატიულმა ალიანსმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები.

ბოლოს კრიტიკა მოჰყვა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების "მიზეზთან" დაკავშირებით - მან პირდაპირ გაიმეორა კრემლის რეჟიმის რიტორიკა და ომის დაწყება NATO-ს გაფართოების საკითხს დაუკავშირა.


close დახურვა