logo
ENG



მდინარაძე: FARA-მ გვაჩვენა, რომ სააკაშვილის ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს სანქცირებას

27 ივლ 202301:04
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: FARA-მ გვაჩვენა, რომ სააკაშვილის ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს სანქცირებას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ამერიკულმა FARA-ს კანონმა აჩვენა, რომ სააკაშვილის მიერ დაქირვებული ლობისტები "ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას, მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს."

ამის შესახებ მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს სანქცირების მცდელობით, ენმ-ს მიზანია, ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

"ამერიკაში მოქმედმა რუსულმა კანონმა [FARA-მ] ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია და დაგვანახა მტკიცებულებებით გამყარებულად, რომ თურმე სააკაშვილი და მისი პარტიისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას, მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს. საქართველოს დასანქცირების მცდელობა არის გარანტიის მიღებაა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ამ გარანტიის მიღებას ცდილობდნენ სააკაშვილის დაქირავებული ლობისტები და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს მხოლოდ მათი მცდელობა არ იყო" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის აზრით, ენმ "ამ მიმართულებით მხოლოდ ლობისტების იმედად არ არის" და ეს მისი თქმით, ჩანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, რამაც "გააშიშვლა ნაციონალური მოძრაობა".

"როცა ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ლობისტების იმედად არ არიან ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ შეტევებს და იმ რეალობას უფრო აშიშვლებს, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ეს იყო მთავარი, ყველაზე დამაზიანებელი პუნქტი, რაც გამოქვეყნდა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის შესაბამისად იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე და ამან საბოლოოდ, როგორც ვთქვი, გააშიშვლა „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა მდინარაძემ.

ოცნების ლიდერმა ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ პარტნიორებს პატივს სცემენ, თუმცა მეორე მხრივ "არის კონკრეტული საკითხები, კონკრეტული ადამიანები, თუ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედონ".

"ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების პატივისცემაც, სწორი დამოკიდებულებაც როგორ უნდა და ორმხრივი მეგობრობაც. შემთხვევით არ ვამბობ ორმხრივს. პატივს ვცემთ თითოეულ მათ გადადგმულ ნაბიჯს, რაც კი ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნისთვის გაუკეთებიათ, მაგრამ მეორე მხრივ, არის კონკრეტული საკითხები, კონკრეტული ადამიანები, თუ გავლენიანი ჯგუფები, მსოფლიოში გავლენიან ჯგუფებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედონ. ამას აქვს თავისი მიზეზები."- თქვა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის საელჩოს განცხადების შესახებ, რომ საელჩოს არცერთ თანამშრომელს არ მიუღია მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, მდინარაძემ თქვა, რომ საელჩომ უნდა განმარტოს, რა მოხდა სინამდვილეში.

საუბარია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, ბოლო დღეებში ქართული ოცნების წევრებისა და სახელისუფლებო მედიების მხრიდან ბრალდებებზე, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი იყო ჩართული.

"ახლა მივმართავ ღიად [აშშ-ის საელჩოს]. საელჩომ შეიძლება თქვას, რომელი ინფორმაციაა ტყუილი, შეიძლება არ დაკავშირებიან [ზურაბიშვილს სააკაშვილთან დაკავშირებით], დაუკავშირდნენ მაგრამ საუბარი არ იყო ამაზე, 6-ში სხვა თემაზე იყო საუბარი და 8-ში მაინც დაუკავშირდნენ, აქტორი არ იყო საერთოდ საელჩოს თანამშრომელი თუ რა მოხდა სინამდვილეში, ჯერ ამბავი გავიგოთ ბოლომდე" - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საელჩომ ლობიზმი საერთოდ უარყო, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს "თუ დავუჯერებთ, პირდაპირ ჩანს, რომ ამ ადამიანთან გადიოდა კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ის ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემაზე, მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე".

26 ივლისს აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.

საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.

 
 
 

close დახურვა