logo
ENG



მდინარაძე ზურაბიშვილზე: ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ასე, ვერც ისე

28 დეკ 202223:32
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ზურაბიშვილზე: ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ასე, ვერც ისე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვერცერთი გადაწყვეტილების მიღებას "ვერ ბედავს". ასე შეაფასა მან ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგი იმედის ეთერში.

"გამოდის თავად ადამიანი, თან უწოდებს ჭორს და თან თავადვე, აბსოლუტურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს, ვიდრე გააკეთა შარშან. ამ ჭორს, თუ მართლა ასეთი ჭორი ვრცელდება, თვითონ აძლევს საფუძველს, თვითონ აგიზგიზებს ამ ცეცხლს. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ის გამოვიდოდა დღეს, გაბედავდა ერთ მხარეს და იტყოდა - "არა და არასდროს, მე ეს ვთქვი და არ ვაპირებ ეს სიტყვები გადავთქვა", მაგრამ არც დაუშვა და არც გამორიცხა, როცა ამის დრო მოვა და გარკვეული მინიშნებები გაუშვა.

იმ შემთხვევაში, თუ გინდა, ეს ჭორი არ ვრცელდებოდეს და ამ ჭორის ჩაკეტვა გინდა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად იტყვი, "არა და არასდროს, მე ვთქვი და ვიმეორებ იმავეს", მაგრამ რადგან ეს არ თქვა, ანუ ჭორის, თუ ასეთი ვრცელდება, გავრცელებას თავად შეუწყო ხელი. თუ გნებავთ, ტესტი დავარქვათ, მე არ დავარქმევდი, მე რეალობას მოვყვებოდი, როგორც ვაკეთებ ახლა და ამის დიაგნოზი არის ის, რომ ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ასე, ვერც ისე. ვერცერთ პოზიციას კატეგორიულად ვერ აფიქსირებს, ფაქტი ეს არის", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ზურაბიშვილი კატეგორიულად და იმავე ტონით იმიტომ ვერ ამბობს შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, რომ ერთი მხრივ, ეშინია საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციის, ვინც ამის წინააღმდეგია, ხოლო მეორე მხრივ აქვს "გარკვეული ზეწოლა" ქვეყნის შიგნით და "შეიძლება, ქვეყნის გარედანაც". მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ახლა სწორედ "ამ ორ ცეცხლს შუა არის".

პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.

"აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე...", - პრეზიდენტის ამ სიტყვებს ხმაური მოყვა.

ბრიფინგზე მან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა ორივე მხარეს აწყობდა. თუმცა ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამას "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".

აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის "არა და არასდროს". 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.


close დახურვა