logo
ENG



"მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

28 დეკ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვას პასუხი "გაეცემა, როცა გაეცემა". ასე დაასრულა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი, სადაც მან ექსპრეზიდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ორივე მხარეს აწყობდა.

"რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი ჩამოვა თქვენთვის. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართული ხასიათით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არ ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ, იმიტომ, რომ ერთი წელია ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია", - განაცხადა მან.

მანამდე პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.

"აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე...", - პრეზიდენტის ამ სიტყვებს ხმაური მოყვა.

"მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როდესაც მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში, ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, როდის გავაკეთებ თურმე იციან რატომ გავაკეთებ.

ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე თუ მე დავაყენე... თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის. ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ? ", - თქვა ზურაბიშვილმა და სასახლის ეზო დატოვა.

ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი და სხვები, მათ შორის, საჯარო სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მართავენ აქციას - "არ შეიწყალო მიშა".

მათი თქმით, არ დაუშვებენ, სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. ჟურნალისტებთან საუბრისას მათი ნაწილი ვერ ასახელებს, რა მიზნით არის მისული აქციაზე.

აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის "არა და არასდროს". 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.


close დახურვა