საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართულ ოცნებაში უკვე გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობენ.
"შემიძლია გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია. თუმცა, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში. ბუნებრივია პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც წესდებით არის დადგენილი და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში", - განაცხადა მდინარაძემ.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.
ივანიშვილის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ფორმულა თითქმის 1 თვეა საუბრობს. ექსკლუზიური ინფორმაციით, მას ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის პარტიის აღმასრულებელი მდივანია.