logo
ENG



მდინარაძის მტკიცებით, MEGOBARI Act-ის მიზანი "ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივებაა"

21 მაი 202417:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/6n2gea1rgi34h3k.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს ეხმაურება, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

მდინარაძის შეფასებით, ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე.

ამასთან, მდინარაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს "ჩამქრალ საპროტესტო მუხტს" უწოდებს და ირწმუნება, რომ MEGOBARI Act-ის მიზანი მისი გაღვივებაა.

"ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.

ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას - სანქციებით, ვაჭრობას - ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით.

რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც.

წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.

სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო!

სანაცვლოდ გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.

ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხრდაჭერას ველით და არა პირიქით!", - წერს მდინარაძე Facebook-ზე. 


close დახურვა