რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროექტის მომზადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროექტი "არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია".
მედვედევის თქმით, "არავინ მისცემს არანაირ გარანტიებს უკრაინელ ნაცისტებს".
მედვედევი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა, თუ დასავლეთი გააგრძელებს კიევის იარაღით მომარაგებას.
"კიევმა წარმოშვა "უსაფრთხოების გარანტიების" პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს არანაირ "გარანტიებს" უკრაინელ ნაცისტებს
ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა - სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ეს ისტერიული მიმართვა (საუბარია სამშაბათს გამოქვეყნებულ უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე), საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ჰიბრიდულ ომს NATO-ს და რუსეთს შორის. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაფერი სახიფათო ტიპის იარაღით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია გადავა სხვა დონეზე", - წერს მედვედევი Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროექტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ავსტრალიასა და თურქეთს ეხება და ითვალისწინებს უკრაინისთვის იარაღის ფართომასშტაბიან გადაცემას, ასევე სამხედრო წვრთნებს ქვეყანაში უცხოელი ინსტრუქტორებისა და მრჩევლების ჩართულობით. ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კიევს მუდმივად უნდა მიაწოდონ იარაღი და გაუწიონ ფინანსური დახმარება.