კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პრემეირმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები.
კოალიცია სამძიმარს უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ტვ პირველს და ჟურნალისტებს.
ორგანიზაციები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ მაღალია ალბათობა, რომ ტვ პირველის ოპერატორი 5 ივლისს სასტიკი ცემის დროს მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
"2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა.
"ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.
5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება". -აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
- ლიბერალური აკადემია თბილისი
- მედიაკლუბი
- მედიის განვითარების ფონდი
- მედიის უფლებები
- სატელევიზიო ქსელი
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- უფლებები საქართველო
- ღია საზოგადოების ფონდი OSGF