logo
ENG



მედიაომბუდსმენი 5 ივლისზე: ძალადობის ორგანიზატორთა დაუსჯელობამ მეტად გააუარესა მედიაგარემო

05 ივლ 202311:31
3 წუთის საკითხავი
 
მედიაომბუდსმენი 5 ივლისზე: ძალადობის ორგანიზატორთა დაუსჯელობამ მეტად გააუარესა მედიაგარემო
Euronews Georgia

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავზე მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები.

მედიაომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 5-6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ორი წლის თავზე კვლავ არ არიან გამოვლენილები და ისინი არ დასჯილან, ამასთან, ძალადობაში მონაწილეთა ნაწილი პასუხისმგებლობაში მიცემულიც არაა. მედიაომბუდსმენის თქმით, დაუსჯელობამ კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში.

"ორი წლის წინ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ოპერატორი 5 ივლისის თავდასხმების დროს სიძულვილის ჯგუფებმა სასტიკად სცემეს - მიიღო ტვინის შერყევა, ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

გამოძიებას 5 და 6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ორი წლის თავზე კვლავ არ გამოუვლენია და შესაბამისად, არ დაუსჯია. პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც. დაუსჯელობამ კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში

ხელისუფლება ვალდებულია გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები. Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მედიაომბუდსმენი მოუწოფებს ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები 2023 წლის 08 ივლისს დაანონსებული ძალადობის და დანაშაულების შესაჩერებლად.

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.

5 ივლისის ძალადობიდან 2 წლის თავზე ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან. 


close დახურვა