ბოლო დღეებში გავრცელებული კადრები მხოლოდ მორიგი მძიმე ვიდეო არ არის. ეს არის სურათი, რომელშიც ხელისუფლების ბუნება ჩანს - არა ბრიფინგებსა თუ საპარლამენტო ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებებით, არა პრესრელიზებით, არამედ იმით, როგორ ექცევა სახელმწიფო ადამიანს მაშინ, როცა ფიქრობს, რომ არავინ უყურებს, ან მხოლოდ თვითონ უყურებს.
"ფორმულამ" და "ტვ პირველმა" საზოგადოებას აჩვენეს პოლიციელების ძალადობის ფაქტები ქობულეთის პოლიციასა და გორში. კადრები მძიმეა არა მხოლოდ სისასტიკით, არამედ იმ განცდითაც, რომ ეს არ ჰგავს შემთხვევით გადაცდომას. ეს ჰგავს წესად ქცეულ დამოკიდებულებას: დაკავებული, პატიმარი, მოქალაქე - უკვე აღარ არის ადამიანი, რომელსაც ღირსება აქვს. ის არის ობიექტი, რომელზეც ძალაუფლება ველურ ჟინს იცხრობს.
ირონია კი ისაა, რომ სწორედ "ციხის კადრების" შოკის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილი და "ქართული ოცნება". მაშინ მთავარი პოლიტიკური დაპირება იყო - აღარასოდეს დამამცირებელი მოპყრობა, აღარასოდეს პატიმრის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, აღარასოდეს ძალადობა სახელმწიფოს სახელით.
წლების შემდეგ მივიღეთ ხელისუფლება, რომელმაც ძალადობა ჯერ სიტყვაში დაამკვიდრა: პოლიტიკა სიძულვილის, დაცინვის, დამცირების ენით შეცვალა. მერე ეს ენა ქუჩაში გადაიტანა - აქციების დარბევებში, მოქალაქეების ცემაში, დაკავებულების შეურაცხყოფაში, ქალების დამცირებაში, ჟურნალისტებზე თავდასხმებში. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ ძალადობა არც მხოლოდ ქუჩის ეპიზოდია და არც მხოლოდ ცალკეული პოლიციელის "გადაცდომა".
სისტემურობა სწორედ იქ ჩანს, სადაც ხელისუფლება არა მარტო არ სჯის ძალადობის ენასა და ქცევას, არამედ ხშირად აწინაურებს კიდეც მათ, ვინც ამ ენას ქმნის ან ამართლებს. სისასტიკე და შეურაცხყოფა პოლიტიკურ კარიერას აღარ უშლის ხელს. პირიქით - უმეტესად სწორედ ასეთ ლექსიკას, ასეთ ქცევას, ასეთ ერთგულებას მოაქვს თანამდებობა, ჩინი, ორდენი, გავლენა და ფული.
ამიტომაა, რომ პრობლემა მხოლოდ ის არ არის, თუ კონკრეტულად ვინ დაარტყა, ვინ უყვირა, ვინ დაამცირა. პრობლემა უფრო მძიმეა: რა ტიპის სისტემამ მისცა ამ ადამიანებს განცდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება? ვინ ასწავლა, რომ მოქალაქის დამცირება ძალაუფლების ფორმაა? ვინ დააჯერა, რომ თუ რეჟიმს ემსახურები, შენი სისასტიკეც დამსახურებად ჩაგეთვლება?
ამ ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემია საზოგადოების ერთი ნაწილის სიჩუმე. რომელიც თითქოს ბევრ რამეს ვერ ამჩნევს. როცა შეეკითხები - გპასუხობს: "ტელევიზორს არ ვუყურებ", არადა ბოლო მოდელის ტელეფონს ხელიდან არ აგდებს. მის არც ტელევიზორში და არც მობილურში არ ჩანს პატიმარი, რომელსაც თავისუფლება წაართვეს. არ ჩანს სტუდენტი, რომელიც ლექციიდან ბორკილებით წაიყვანეს. არ ჩანს 70 წლის პენსიონერი, რომელსაც ტროტუარზე დგომისთვის სჯიან. არ ჩანს ადამიანი, რომელსაც სახელმწიფომ ღირსება წაართვა და მერე პროპაგანდამ კიდევ ერთხელ დაამცირა.
ეს არის მორალური ახლომხედველობა, მორალური მიოპია, როგორც ამ მოვლენას ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა უწოდა - როცა საზოგადოება ხედავს მხოლოდ იმას, რაც მისი უშუალო კომფორტის საზღვრებშია, მაგრამ ვეღარ ხედავს სხვებზე მოძალადე სისტემას, რომელიც ხვალ მასაც აუცილებლად შეეხება.
ძალადობრივი სახელმწიფო ყოველთვის ასე იწყებს: ჯერ სხვას სცემენ, სხვას ამცირებენ, სხვას აშინებენ. მერე საზოგადოებას აჩვევენ, რომ ეს "საჭიროა", "დამსახურებულია", "პროვოკაცია იყო". ბოლოს კი ძალადობა აღარ არის გამონაკლისი - ის მართვის მეთოდად ყალიბდება.
ამიტომ ამ კადრებზე პასუხი მხოლოდ რამდენიმე დაკავებული პოლიციელი ვერ იქნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რატომ დასჭირდა სახელმწიფოს წლები ასეთი დანაშაულის გამოსავლენად? რა პასუხისმგებლობა დაეკისრათ მათ უფროსებს? როგორ ხდება, რომ მსგავსი ფაქტები მხოლოდ მაშინ ხმაურდება, როცა ვიდეოს დამოუკიდებელი მედია ავრცელებს? რამდენი ასეთი ამბავი "არ არსებობს" მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კამერა არ იყო?
ხელისუფლება, რომელიც ძალადობას სისტემურად ამართლებს ან ფარავს, ბოლოს თვითონ ხდება ამ ძალადობის მძევალი. რადგან ავტორიტარულ მმართველობას სხვა საყრდენი აღარ რჩება - არც ნდობა, არც სამართლიანობა, არც თავისუფალი ინსტიტუტები. რჩება მხოლოდ შიში.
ამიტომ ან ვიტყვით, რომ ადამიანის ღირსება არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი; ან შევეგუებით ქვეყანას, სადაც ძალა კანონსა და სამართლიანობაზე მაღლა დგას, ხოლო მოქალაქე - ყველა უკლებლივ, იმ ერთი თვიაღიარებული გროსმაისტერისა და მისი ოჯახის გარდა - მონსტრად ქცეული სახელმწიფოს წინაშე დაუცველია.
"ციხის კადრებით" მოსული ხელისუფლება დღეს თვითონ დგას იმავე კითხვების წინაშე, რომლებითაც ოდესღაც სხვებს ასამართლებდა. ოღონდ ახლა პასუხი უკვე მის განცხადებებში კი არა, იმ კადრებში ჩანს, რომელთა დამალვასაც ვეღარ ახერხებს. ჰანა არენდტის დაკვირვებით, ძალადობა იქ ჩნდება, სადაც ნამდვილი ძალაუფლება სუსტდება.
ამიტომ ეს კადრები, ძალადობრივი კანონმდებლობა და მისი ძალადობრივი აღსრულება ხელისუფლების სიძლიერეს კი არ აჩვენებს - მის შიშზე მეტყველებს. რადგან ხელისუფლების ნამდვილი საზომი ის კი არ არის, რამდენ ადამიანს აშინებს, არამედ ის, რამდენად სჭირდება ადამიანების დაშინება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
