მევენახეების უკმაყოფილებისა და პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყურძნის შესასყიდი ფასები გაზარდა, ასევე შეემსუბუქებინა შაქრიანობის მოთხოვნები. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მანამდე დაწესებულმა კრიტერიუმებმა კახეთში გლეხები მძიმე ფინანსური მდგომარეობის წინაშე დააყენა, რასაც ადგილობრივების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ დაადასტურა, რომ მინისტრ დავით სონღულაშვილთან კონსულტაციების შემდეგ ფასები შეიცვალა. ახალი გადაწყვეტილებით, შაქრიანობის მოთხოვნები თითქმის ყველა კატეგორიაში შემცირდა, რათა მევენახეებმა მოსავლის შედარებით ნორმალურ ფასად ჩაბარება შეძლონ.
კერძოდ, საფერავზე მაღალკონდიციური ყურძნის (1.50 ლარი) ზღვარი 21%-დან 20%-მდე ჩამოვიდა, ხოლო რქაწითელზე (1.30 ლარი) — 20%-დან 19%-მდე. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში (16-დან 20%-მდე საფერავზე და 16-დან 19%-მდე რქაწითელზე) შესასყიდი ფასი მხოლოდ 10 თეთრით გაიზარდა და შესაბამისად 1.00 და 0.90 ლარი გახდა. რაც შეეხება 16 გრადუსზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენს, რომელსაც ჩინოვნიკები „მკვახეს“ უწოდებენ, ფასი 30-დან 50 თეთრამდე გაიზარდა (ჰიბრიდზე — 30 თეთრი).
სააგენტო აცხადებს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც მოსავალი ძველი, დაბალი ტარიფით უკვე ჩააბარეს, სხვაობა დაუკომპენსირდებათ, ხოლო ჭარბ ყურძენს სახელმწიფო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. თუმცა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე ასეთი უხეში და აცდენილი ჩარევა ადასტურებს აგრარული პოლიტიკის პრობლემებს.
