დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება.
ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში მოითხოვენ დადგინდეს ივერი მელაშვილის თავისუფლების უფლების დარღვევა და სამართლებრივი სასამართლოს უფლების საკითხები.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მისამართ საჩივარზე და ძალიან მალე ამ საჩივრით წარვდგებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. დავასაბუთებთ და მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ბატონი ივერი მელაშვილის მიმართ, მე-5 (ეს არის თავისუფლების უფლების დარღვევა) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევის საკითხები. არავის არ აინტერესებს ის სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის არც სასამართლოს, რაც განჩინებებში ნათლად ჩანს. უბრლაოდ მათ უნდათ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატიმრობაში და სხვა არაფერი", - განაცხადა მარიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ივერი მელაშვილის პატიმრობაში დატოვება უსამართლოა, რადგან პირველი და მეორე ინსტანციის განჩინება დაუსაბუთებელი იყო.
"დაუშვებლად იქნა ცნობილი ჩვენი საჩივარი და ბატონი ივერი მელაშვილი დარჩა პატიმრობაში. გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ. რაც შეეხება განჩინების შინაარსს, ის იმაზე უფრო მეტად დაუსაბუთებელია, ვიდრე პირველი ინსტანციის განჩინება. არცერთ განჩინებაში არ არის გაანალიზებული ის მტკიცებულებები და მათი შინაარსი, რომელსაც ჩვენ სადაოდ ვხდიდით. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა, არც მიმალვის, არც მტკიცებულებების განადურების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.
პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც.
ბრალდების მხარე დაკავებულების მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობს.