logo
ENG



მელია: ენმ-ში რეფორმები 1 წლის წინ დაიგეგმა. პარტიამ უნდა ისწავლოს ყოველდღიური მუშაობა

13 იან 202200:29
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ენმ-ში რეფორმები 1 წლის წინ დაიგეგმა. პარტიამ უნდა ისწავლოს ყოველდღიური მუშაობა

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფორმულას ეთერში პარტიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ყვება. 

10 იანვარს ნაციონალურ მოძრაობაში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო. მელია თავმჯდომარის პოსტზე დარჩა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან კი გადადგა და ეს ადგილი კობა ნაყოფიამ დაიკავა, მისი მოადგილის თანამდებობა - აკაკი მინაშვილმა. 

გენერალური მდივნის პოსტზე პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.

მელია ამბობს, რომ პარტიაში რეფორმების გატარება 1 წლის წინ დაიგეგმა და დაიწყო, მაშინ, როცა ის ენმ-ის წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს. თუმცა, 2021 წლის თებერვალში ის დააკავეს, ციხის დატოვების შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო, ოქტომბერში კი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. 

ამიტომ, მისი თქმით, დღემდე ვერ მოხერხდა ის, რაც აუცილებელია პარტიის გაძლიერებისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის.  

"მე პარტიის წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ პარტიის რეორგანიზაციასა და რეფორმირებაში. ეს ეხება არა მხოლოდ საკადრო რეფორმებს, არამედ ხედვის კორექტირებასაც. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა ისწავლოს ყოველდღიური მუშაობა. 

ქართულ პოლიტიკაში ყველა პარტია არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე აქტიურდება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ, რაც არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვო. თუ გვინდა ამომრჩევლის მომხრობა და ის, რომ ჩვენში დაინახონ ალტერნატივა, ფაქტობრივად ყოველდღე უნდა ვიყოთ საარჩევნო რეჟიმში. 

უნდა ვემზადოთ გადამწყვეტი ეტაპისთვის. იქნება ეს რიგითი თუ რიგგარეშე არჩევნები". - ამბობს ნიკა მელია. 

ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დრომდე პარტიაში საპასუხისმგებლო თანამდებობები აუთვისებელი იყო, ასევე, არ ტარდებოდა პოლიტსაბჭოს სხდომები, არ არსებობდა სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ახალგაზრდული ორგანიზაცია. მისი განცხადებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"პოლიტიკური საბჭო არის მნიშვნელოვანი ორგანო, პარტიის პარლამენტი, სადაც მნიშვნელოვანი აზრები, იდეები, ინიციატივები იბადება, დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს, ამის შემდეგ კი ხალხის საჭიროებაზე მორგებული წინადადებები აღმასრულებელ რგოლში გადადიოდეს. 

ინფრასტრუქტურული მონოლითი არის ასაშენებელი. 

ცენტრალური აპარატი არ არსებობდა. ფილმი რომ არის, მარტო სახლში, ასე ვიყავი პარტიაში გადანაწილებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ყველა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო აუთვისებელი და რეალობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილებების აუცილებლობა დადგა. 

რეფორმა გაგრძელდება, იქნება ცვლილებები, იქნება მტკივნეული ცვლილებებიც, ვინაიდან რეფორმა ამას გულისხმობს. მაგრამ ორიენტაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პროგრესს და განვითარებაზე". - თქვა ნიკა მელიამ. 

მისივე განცხადებით, ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ წევრებს აირჩევენ. 


close დახურვა