logo
ENG



მელია: სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია

13 დეკ 202121:59
3 წუთის საკითხავი
 
მელია: სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია
ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია

როგორც მან თქვა, ახლა მნიშვნელოვანია პროტესტი და მოსახლეობას 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა.

"ახლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს, 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 6 საათზე რუსთაველის გამზირზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობაზე და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული", - თქვა ნიკა მელიამ მთავარ არხთან საუბრისას. 

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც. 


close დახურვა