logo
ENG



მელია: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 20 ივნისის დამნაშავეების ამნისტია

13 აპრ 202115:58
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 20 ივნისის დამნაშავეების ამნისტია

ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე ოპოზიციონერებს მიმართა, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ 2020 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ადამიანების ამნისტიას, რაც მათ შორის ბრალდებული სპეცრაზმელების გათავისუფლებასაც გულისხმობს. 

"მელიას გამოვუშვებთო, მაგრამ როგორ გამოვუშვებთო - 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის ინიცირება მოვახდინოთო. ჩვენ რომ მოძალადეები ვიყავით პოლიციელები და უმაღლესი სახელმწიფო წარმომადგენლებიო, მელია რომ ახლა ციხეში გვყავს გამოკეტილიო. მელიას გამოვუშვებთ და ამათ ეს თვალების თხრა და ხორცების გლეჯა ვაპატიოთო. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ისტორია გადაიწეროს, გავიდეს 10-15 წელი და მინიმუმ გაიბლაროს სიმართლე, პატრიოტები წარმოაჩინონ დამნაშავეებად და პირიქით". - თქვა მან სასამართლო პროცესზე მანამ, სანამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მისი აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას ძალაში დატოვებდა. 

20-21 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდებულის ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში დადგა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შედგა. 

დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა, ეწერა, რომ "მისი ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება". 

შეთანხმება ვერ შედგა.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა დღეს, 13 აპრილს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა